საქართველო-სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 488.9 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (22 758.6 ათასი დოლარი) 25.2%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან სინგაპურში განხორციელებულმა ექსპორტმა 14 157.8 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 82.3%%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის ციფრს.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო სინგაპურში ახდენს:
•ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 878.4 ათასი დოლარი;
•ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 694.6 ათასი დოლარი;
•ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 514.0 ათასი დოლარი;
•ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 352.3 ათასი დოლარი;
•სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი - 279.1 ათასი დოლარი.
რაც შეეხება სინგაპურიდან პროდუქციის საქართველოში შემოტანას, კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 14 331.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (15 963.5 ათასი დოლარი) შედარებით 10.2%-იანი კლებაა.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
21.09.2026.17:10
J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.