საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა
საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.
თბილისში გამართულ სამუშაო სესიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო თურქეთის მხრიდან კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდნენ.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, თურქეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„თურქეთი ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს და ეს თანაბრად ვრცელდება ტურიზმის სექტორზეც. თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა შემომავალი ტურისტების თვალსაზრისით საქართველოსთვის. ვიმსჯელეთ არსებულ თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რაც საინტერესოა ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად. ეს შეეხება გამოცდილების გაზიარებას, მთელ რიგ პროექტებს და თანამშრომლობას კერძო სექტორს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ინდუსტრიის განვითარების დინამიკის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კი ყურადღება ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე გაამახვილა.
ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ნატალია კვაჭანტირაძე და თურქეთი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
სხვა სიახლეები
2026 წლის აგვისტოში, თბილისში უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად
ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) $1,432-მდე | Galt & Taggart
27.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – აგვისტო 2026” აქვეყნებს. ,,2026 წლის აგვისტოში გაყიდვები, სეზონური ტენდენციის შესაბამისად, თვიურად შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე წინა წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო
განაკვეთების შემცირება ბაზრის აქტივობას კვლავ ხელს უწყობდა. მიწოდების მხარეს, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად შემცირდა. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა, ხოლო ქირის ფასის ზრდამ ქირის შემოსავლიანობა 8.7%-მდე გაზარდა. 2026 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,429 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა და 1,781
შეადგინა (2026 წლის 8 თვეში +15.9% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული
რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 28.4%-ით გაიზარდა და 1,648 შეადგინა
(2026 წლის 8 თვეში +20.7% წ/წ), რაც ნაწილობრივ გასული წლის დაბალი
ბაზის ეფექტით არის განპირობებული.
• ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით,
რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026
წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით
გაიზარდა (2026 წლის 8 თვეში +31.6% წ/წ).
2026 წლის 8 თვეში, თბილისში სულ 30,703 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ). 2026 წლის აგვისტოში, ზედიზედ ორთვიანი ზრდის შემდეგ, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად 15.2%-ით შემცირდა (123,711 კვ.მ 15 საცხოვრებელ პროექტში). ჯამურად, 2026 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული და წინა წლის ანალოგიურ დონესთან ახლოს რჩება.
2026 წლის აგვისტოში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად
ზომიერად 0.4%-ით გაიზარდა (+6.8% წ/წ) 1,432 აშშ დოლარამდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი თვიურად 2.0%-ით გაიზარდა და 1,399 აშშ დოლარი შეადგინა (+7.9% წ/წ).2026 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.7%”, - აღნიშნულია ანგარიშში.