საქართველომ მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ შემდგომი განვითარების შესახებ პროტოკოლს მოაწერა ხელი
აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციებმა CASCA+ საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის შემდგომი განვითარების შესახებ ექვსმხრივ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტს ხელი მოეწერა ექვსი ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდის, კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვისთვის კონკურენტული ტარიფების შემოღების, მთელ მარშრუტზე საკონტეინერო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო პლატფორმების რეგულარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და პორტებში კონტეინერების მოცდენის დროის შემცირების საკითხები.
ხელმოწერილი პროტოკოლი ასახავს მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს და განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826