საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა - ლევან მოსეშვილი
,,საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება,” - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
მისი ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებიდან 21 500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს.
„სატვირთო გადაზიდვებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მიმართულებით მოძრავი ტვირთების ნაწილმა, მათ შორის აზიის ქვეყნებიდან, საქართველოზე გაიაროს, მოხდეს მათი ჩამოტანა, დახარისხება და შემდეგ დისტრიბუცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავიაციის სექტორის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის სტატუსის, როგორც რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის სატვირთო ტერმინალებისა და თანამედროვე სისტემების განვითარება, რაც ტვირთების უფრო ხარისხიან, სწრაფ, მარტივ და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს.
„ვმუშაობთ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს ფეხდაფეხ, როგორც სამგზავრო გადაზიდვები, განვითარდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ბაზარზე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი პირობები, როგორიც არის სატვირთო ტერმინალები, თანამედროვე სისტემები, რომ ტვირთის დამუშავებაც მოხდეს უფრო ხარისხიანად, უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად მიეწოდოს მოთხოვნის წერტილს“, - განაცხადა მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
ძალიან მისასალმებელია ქვეყნებთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რადგან ეს ტურიზმის სტატისტიკაზე მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს - ნატა კვაჭანტირაძე
21.07.2026.18:09
ძალიან მისასალმებელია ქვეყნებთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რადგან ეს ტურიზმის სტატისტიკაზე მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„გლობალური მიდგომები საერთოდ არ შემოიფარგლება მარტო იმ გამოწვევების კუთხით, რასაც ზოგადად გლობალური სამყარო ვაწყდებით და განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ძალიან სენსიტიურია და პირდაპირი წესით ეხება მას ყველა გლობალური თუ ადგილობრივი გამოწვევა. შესაბამისად, ის ხაზი რაც გლობალურ პრობლემატიკას უკავშირდება და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონზეა საუბარი, რომელსაც ცალსახად შეეხო და სტატისტიკური მონაცემები შეიძლებოდა კიდევ უფრო კარგი ყოფილიყო რომ არა ის გლობალური გამოწვევები, რომელიც ირან-ამერიკის გამოწვევას უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს შეცვალოს გარკვეულწილად მიდგომები. აარჩიოს ისეთი ქვეყნები, სადაც ინტერესის სფერო შეიძლება იყოს საქართველო მათთვის როგორც ახალი დანიშნულების ადგილი და თავისთავად ძალიან მისასალმებელია პირდაპირი ავიამიმოსვლები, რომლებიც განაპირობებენ სწორედ სტატისტიკურ მონაცემებში იმ შედეგს, რასაც იღებს ზოგადად სექტორი და ეს ძალიან თვალსაჩინო და ძაან ნიშანდობლივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გასული პერიოდის ან ახლანდელ სტატისტიკაშიც ძალიან ცალსახაა ევროპის და ბრიტანეთის სტატისტიკური მონაცემები შემოსვლის მაჩვენებლებში, როცა უკვე გაზრდილია რაოდენობა, რომ არა პირდაპირი ავიამიმოსვლები ამ შედეგს რა თქმა უნდა ძალიან რთულად მივიღებდით. ძალიან მისასალმებელია ჩინეთის მიმართულება, ჩინეთი განსაკუთრებით შანხაი არის ეკონომიკური ჰაბი და შესაბამისად, ჩინელი მომხმარებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან სასურველი მომხმარებელი, რადგანაც ისინი ძალიან სკრუპულოზურად არჩევენ, ძალიან სენსიტიურად უდგებიან ქვეყნებს მოგზაურობისთვის და განსაკუთრებით თუ არ არის მათთვის უსაფრთხო. მაგალითად, ჩინელ მომხმარებელს ძალიან აინტერესებს ჩვენი ღვინო, ძალიან აინტერესებს კულტურა, ავთენტურობა და ეს ძალიან მისასალმებელია, რადგანაც აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მასიურ შემოდინებაზე, არამედ ნიშურ მიდგომებზე, ჩინელი მომხმარებელი ძალიან მხარჯველუნარიანია. სეგმენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეთავაზების ფორმატიც. ჩინელ მომხმარებელზე ძალიან ბევრი ქვეყანა აგებს მთელ რიგ ინფრასტრუქტურას, ეს არის შოპინ მოლები, აუთლეტ ვილიჯები, რომლებიც პირდაპირი წესით არის მორგებული ჩინელ მომხმარებელზე სწორედ იმ მიზნით რომ ისინი საკმაოდ დიდ დანახარჯებს აკეთებენ ევროპის მიმართულებით, ამერიკაშიც თავისთავად და დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო გავაკეთოთ აქცენტი საქართველოზე, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილზე, არამედ გამოვარჩიოთ რითია უნიკალური, რითია საინტერესო მათთვის და სწორედ ის ავთენტურობა და უნიკალურობა რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ცალკეული მიმართულებების ჭრილში ვფიქრობ ჩინელი მომხმარებლისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ასევეა აღმოსავლეთის ქვეყნებიც. ჩვენი ქვეყანა ძალიან ცნობილია მაგალითად შუა აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ძალიან გააქტიურდნენ და ეს სტატისტიკურ მონაცემებშიც გამოიკვეთა. მათ აინტერესებთ დასვენება, აინტერესებთ კურორტები, ჯანმრთელობაზე ძალიან აქცენტს აკეთებენ ასეთი ტიპის მომხმარებლები, თუმცა კულტურული ტურიზმით ძალიან ბევრი ვიზიტორი შემოდის, ძალიან ბევრი სტუმარი როგორც უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან. მათი ცნობადობა ძალიან მაღალია, თუმცა ვფიქრობ რომ ესეთი დივერსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის როგორც სექტორისთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტია ისეთ ქვეყნები, რომლებიც ქვეყანაში ძალიან დიდხანს რჩებიან, უფრო მეტ დანახარჯებს აკეთებენ და ევროპა ამით ცნობილია იმიტომ რომ ისინი მოგზაურობის დროს მინიმუმ ერთ კვირას, 10 დღეს არჩევან და ძალიან ხიბლავთ კავკასიის რეგიონი მთლიანად კომბინირებულ ჭრილში, თუმცა აუცილებელია იმ გამოწვევების ფონზე რაც ხდება გლობალურად ჩვენ გვაქვს რისკების მართვის საშუალებას და ეს რისკების მართვის საშუალება გვაძლევს იმის პირობას რომ როცა დადგება კონკრეტული გამოწვევა უკვე არსებობდეს შესაბამისი ქვეყნები, სადაც ჩვენ უფრო გავაძლიერებთ მარკეტინგულ კამპანიასაც და ცნობადობის ნაწილიც ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით და არ უნდა ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ან ევროპაზე ან აზიის ქვეყნებზე. ყველა ის შედეგი რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენ, დღეს სტატისტიკურ მონაცემებში სწორედ ამის ერთ-ერთი უპირობო შედეგია, როცა უკვე ჩვენ მაქსიმალურად მივდივართ სექტორი დივერსიფიცირებისკენ და მარკეტინგულად გავაძლიეროთ სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.