საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა - ლევან მოსეშვილი
,,საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა,’’ - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღის ფრენები განსაკუთრებით მოსახერხებელია ბიზნესსექტორის მგზავრებისთვის, რადგან დროის დაზოგვა თანამედროვე მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„დღის ფრენები ძალიან მოსახერხებელი არის, თუნდაც ბიზნესსექტორის მგზავრებისათვის. დრო, მოგეხსენებათ, ყველაზე დეფიციტური არის დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში. დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამას ემსახურება დღის ფრენებზე მოთხოვნის გაზრდა“, - განაცხადა მოსეშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ფრენების გადანაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: თუ ადრე დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა დაახლოებით 90/10-ზე იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 50/50-ზეა.
„სტატისტიკურად თითქმის 50/50-ზე არის დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა. ადრე თუ იყო პირობითად 90/10-ზე, დღეს 50/50-ზეა ფრენების გადანაწილება ჩვენს აეროპორტებში“, - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მიუთითებს, რომ ავიაკომპანიები აცნობიერებენ საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ბიზნესმოგზაურების მხრიდან არსებულ მოთხოვნასაც.
მისი თქმით, ავიაკომპანიების მიერ ფრენების განრიგის დღის საათებში გადანაწილება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისი ნაბიჯია.
„ეს ყველაფერი ავიაკომპანიების მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დროისა და ფრენების განრიგის გადანაწილება დღესდღეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე, დღის საათებშიც სწორად ხორციელდება “, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.„ეს ყველაფერი ავიაკომპანიების მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დროის გადანაწილება და ეგრეთ წოდებული სლოტების გადანაწილება დღესდღეობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე, დღის საათებშიც სწორად ხორციელდება “, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.