საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე და მდგრადი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის" - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის" მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში იმართება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.
„მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა ქვეყნებს გაუზიაროთ, ასევე ვისწავლოთ მათ მიღწევებზე. მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა მთავარი ეროვნული პრიორიტეტებია. ჩვენი სტრატეგია შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე, ადგილობრივი გენერაციის გაფართოებაზე, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და რეგიონული კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის პოტენციალზეც ისაუბრა და ამ კუთხით ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ამ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს დასრულდა ხუთი ელექტროსადგურის მშენებლობა, მათ შორის ორი მსხვილი ქარის ელექტროსადგურისა და სამი ჰიდროელექტროსადგურის. წლის ბოლომდე ველით, რომ ახლად დადგმული განახლებადი ენერგიის ჯამური სიმძლავრე 300 მგვტ-ს გადააჭარბებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826