საქართველოს ბანკი შეუერთდა FTSE 100-ს, ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი რეგიონისთვის - მეტი ინვესტორი დაინტერესდება საქართველოს საფინანსო სექტორით და ეკონომიკით l სებ-ის პრეზიდენტი
საქართველოს ბანკი შეუერთდა ე.წ. FTSE 100-ს. ეს არის TOP 100 მსხვილი კომპანია, რომელთა აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი რეგიონისთვის და მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მარკერია, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება ჩვენი საფინანსო სექტორით თუ რეალური ეკონომიკით და ეს კარგია, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. ნათია თურნავას განმარტებით, საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის „ხერხემლად“ რჩება და ბიზნესების განვითარებას ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს. მისი თქმით, საქართველოში სესხებზე ხელმისაწვდომობა მაღალია და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 73%-ს აჭარბებს,
„საბანკო სექტორი რჩება ჩვენი ეკონომიკის ხერხემლად, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს ნებისმიერი დარგის, ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას. ზოგადად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკაში სესხზე ხელმისაწვდომობა არის საკმაოდ მაღალი - თუ შევხედავთ მთლიან სესხს მთლიან შიდა პროდუქტთან, ის 73%-ს აჭარბებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც ვინმეს დაეკარგოს თავისი დეპოზიტი. იმდენად სანდოა ჩვენი საბანკო სისტემა, რომ სულ მუდმივად, საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდება დანაზოგები და დეპოზიტები - მათ უკვე 70 მილიარდ ლარს გადააჭარბეს. აქედან დაახლოებით 30% უცხოელების დანაზოგებია, ანუ უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, ე.წ. არარეზიდენტები, ენდობიან ჩვენს საბანკო სისტემას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სანდოა და ამასთანავე, მაღალი ტექნოლოგიური განვითარებითაც გამოირჩევა. ნათია თურნავას თქმით, ქართული ბანკების მობაილ ბანკინგი მომხმარებელზე მეტად მორგებული და განვითარებულია, ვიდრე დასავლეთის არაერთ საბანკო დაწესებულებაში.
„ჩვენ რომ ვენდობით, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, რომ გარედან დანახული თვალითაც ჩვენი საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სანდოა. სანდოობის გარდა, უნდა აღვნიშნო ის ტექნოლოგიური განვითარების დონე, რაც ჩვენს საბანკო სისტემას გააჩნია. არაერთხელ მომისმენია, თუნდაც უცხოელის შეფასება, რომ მობაილ ბანკინგი, რომელიც გააჩნია ჩვენს ბანკებს, განსაკუთრებით წამყვან ბანკებს, გაცილებით უფრო კომფორტულია, მომხმარებელზე მორგებული და განვითარებულია, ვიდრე სხვა, უფრო ხანგრძლივი ისტორიის მქონე საბანკო დაწესებულებებში საზღვარგარეთ, დასავლეთში პირველ რიგში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განვითარება მუდმივია და სესხების პორტფელიც საკმაოდ მდგრადად იზრდება. გასულ წელს დაახლოებით 15%-იანი ზრდა იყო, წელს კიდევ უფრო მაღალი ზრდა ფიქსირდება და ეს არის მეორე მხარე ეკონომიკური ზრდისა, ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტ ფინანსურ რესურსს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს და ბანკები ამას უზრუნველყოფენ. მეორეს მხრივ, თვითონ ბანკები აძლევენ ბიძგს ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე ტოპ-მიმზიდველი დარგი კვლავაც საფინანსო-საბანკო სექტორია - პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მიღებული შემოდინებების დაახლოებით 36% სწორედ ამ სექტორზე მოდის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას - ინგა ფხალაძე
17.09.2026.20:13
„ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ხედვას ეფუძნება 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მეგავატს უნდა მიუახლოვდეს.
„პარალელურად, მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას. საქართველოს ამისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი გააჩნია. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მეგავატი დადგმული სიმძლავრე აქვს და აქედან 3500 მეგავატი ჰიდროენერგიაზე მოდის. შემდეგი კი გახლავთ მზე და ქარი, რომლებიც დივერსიფიკაციის გამოხატულება არის ენერგეტიკაში. დღეს გვაქვს 312 აქტიური პროექტი, რაც, ფაქტობრივად, 6000 მეგავატის სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც არის 1530 მეგავატი ჰიდრო, 2340 მეგავატი ქარი და 2090 მეგავატი მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.