საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება - სსფ
იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მალე დასრულდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 6.5 პროცენტს მიაღწევს და თანდათან მიუახლოვდება თავის საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს - 5%-ს 2028 წლისთვის, - ამის შესახებ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ IV მუხლის კონსულტაციების დასკვნით ანგარიშშია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის 5.3%-ს შეადგენდა.
სსფ-ის შეფასებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდა მყარია, რასაც ძლიერი მაკროეკონომიკური მართვა და ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს ხელს.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, საერთაშორისო რეზერვების გამყარება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაა.
ანგარიშის თანახმად, რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ზრდა შენარჩუნდა, ხოლო ინფლაციამ ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 პროცენტს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გაძლიერდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე , მშპ-ის 2.6 პროცენტამდე შემცირდა, საერთაშორისო რეზერვებმა სსფ-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35 პროცენტზე ქვემოთ შემცირდა.
„მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება სამიზნე დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე მაჩვენებლების სიახლოვეს შენარჩუნდება, თუ გაგრძელდება გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. გაზრდილი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების პირობებში, პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ინფლაციის სამიზნე დონემდე დაბრუნება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დამატებითი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი" - ნათქვამია სსფ-ის ანგარიშში.
სხვა სიახლეები
Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში - ლაშა ჯუღელი
14.09.2026.19:36
საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება საქართველოს ფინანსურ ბაზრებს გახდეს უფრო ღრმა და აქტიური და ამ გზაზე ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ საყრდენს სწორედ Nasdaq Calypso-ს საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვა წარმოადგენს, - ამის შეწსახებ ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ჯუღელმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში.
„პროექტის მონაწილე ხუთი ბანკი ბაზრის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს, თუმცა პროექტი მოიაზრებს მომავალში უფრო მეტად გაფართოებას და ახალი მონაწილე ბანკების დამატების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ლაშა ჯუღელმა.
მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურმა ზრდამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახაზინო ინფრასტრუქტურის საჭიროება წარმოშვა.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებით და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.