საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც - ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე.
„კორპორაციას გაცილებით უფრო ფართო მანდატი ექნება. ის არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან გაერთიანების გზით, თანამედროვე, მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება. კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები. კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით. საბოლოოდ, მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად.
ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს.
მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ყველას, ვისაც კორპორაციის შექმნის იდეა ეკუთვნის და ამ იდეის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, გილოცავთ კორპორაციის შექმნას და კორპორაციას ვუსურვებ წარმატებებს!,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826