საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს - ირაკლი გაბრიაძე
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორპორაცია, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ბაზაზე შეიქმნა, საქმიანობას უკვე არსებული შედეგებისა და გამოცდილების საფუძველზე გააგრძელებს.
როგორც ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა, სააგენტომ ბოლო 12 წლის განმავლობაში კერძო სექტორში დაახლოებით 8 მილიარდი ლარის ინვესტიციის წახალისება უზრუნველყო, მხარი დაუჭირა 20 ათასამდე ბიზნესს და 90 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი.
„მომდევნო 10 წლის განმავლობაში კორპორაციის მიზანია, რომ დაახლოებით მხარი დავუჭიროთ 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვას ქართულ კერძო სექტორში. ამის გაკეთებას ვაპირებთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით. ეს პრიორიტეტული მიმართულებები, ესენია: ექსპორტის მხარდაჭერა, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მხარდაჭერა, სასესხო ინსტრუმენტების კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნება და იმ პროგრამების ადაპტაცია და მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე პორტფელში, რომელიც გადმოგვყვა „აწარმოე საქართველოდან“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
მისივე განცხადებით, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება.
„ჩვენ მუდმივად უნდა შევაფასოთ და ვაფასებთ კიდეც იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქართული კერძო სექტორი დგას და ვეძებთ გზებს მათზე რეაგირებისთვის. ეს პრიორიტეტული მიმართულებებიც ზუსტად იმ გამოწვევებიდან გამომდინარეობს, რომლებსაც კერძო სექტორი ყოველდღიურად აწყდება.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ჭრილში, დეფიციტი (გეპი) მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან, სასესხო რესურსის სახით, დამატებით მშპ-ის 15%-ის მოზიდვაა შესაძლებელი“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.
ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამოწვევა, მათ შორის, დაფინანსების წყაროების არასაკმარისი დივერსიფიკაციით არის განპირობებული. მისი თქმით, საქართველოში კაპიტალის მობილიზების მთავარ ინსტრუმენტად კვლავ საბანკო დაკრედიტება რჩება და ბიზნესსექტორზე გაცემული სესხების მოცულობა ამჟამად დაახლოებით 41 მილიარდ ლარს შეადგენს. გაბრიაძის შეფასებით, დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება კერძო სექტორისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„მცირე და საშუალო ბიზნესის ჭრილში თუ შევხედავთ, ეს მაჩვენებელი 29 მილიარდ ლარამდეა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სხვა ალტერნატიულ წყაროებს, მაგალითად, საინვესტიციო ფონდების მიმართულებას, მათი აქტივების მოცულობა, მიუხედავად ბოლო ორ წელიწადში გაორმაგებისა, მაინც ლიმიტირებულია.
ასევე საინტერესო და საყურადღებოა ბონდების, ანუ კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც დაფინანსების მოზიდვის კიდევ ერთ ალტერნატიულ გზას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს ფაქტორინგიც, როგორც დაფინანსების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. როგორც იცით, აპრილის დასაწყისში მიღებულ იქნა შესაბამისი კანონი და ფაქტორინგის მიმართულებით კორპორაციას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
რაც შეეხება დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე წვდომას, იქ კვლავაც რჩება გამოწვევად უზრუნველყოფის მოთხოვნა, კვლავაც რჩება გამოწვევად სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი და კვლავაც რჩება გამოწვევად ასევე უნარები - ბიზნესის კეთების უნარები, ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგებულობა და ასე შემდეგ, რომელზეც პასუხს აპირებს ასევე კორპორაცია იმ პრიორიტეტული მიმართულებებით რაც ჩამოვთვალე“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
სხვა სიახლეები
ნდობა ქართული ვალუტისადმი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი | ლაშა ხუციშვილი
22.06.2026.10:57
ნდობა ქართული ვალუტისადმი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ნდობა ქართული ვალუტისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს გამოიხატება დოლარიზაციის მაჩვენებელშიც, თუმცა ეს გამოიხატება ასევე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნაში და დამოკიდებულებაში ქართულ ფასიან ქაღალდებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე შედეგებზე, ჩვენ გამოვუშვით 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები, სადაც მოთხოვნა იყო 4.5-ჯერ მეტი ანუ 1.8 მილიარდი ლარის ოდენობით და მნიშვნელოვანია ის რომ თითქმის 1 მილიარდის მოთხოვნა იყო საერთაშორისო ინვესტორებიდან. საერთაშორისო ინვესტორები იმ კონკრეტულ მომენტში, გამოშვების მომენტში მზად იყვნენ ერთი მილიარდი ლარის ინვესტირება განეხორციელებინათ ქართულ ფასიანი ქაღალდებში, რაც ბუნებრივია ნიშნავს იმას რომ ნდობა არის ძალიან მაღალი. ჩვენ შევძელით რომ გამოშვების პროცესში ორჯერ შეგვემცირებინა საპროცენტო განაკვეთი. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 9% რაც იმ დროისთვის არის საბაზრო მაჩვენებელი. ამ გამოშვებით ცალსახად დაფიქსირდა ის რომ ნდობა ქართული ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მაღალი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ ენდობიან, არამედ აქტიურად ინვესტირებას ახორციელებენ ქართულ ფასიან ქაღალდებში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელებთ აღნიშნულ ფორმატში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. ეს არ იქნება ყოველკვურეული რა თქმა უნდა, ეს იქნება წელიწადში ერთი ან ორი გამოშვება ასეთ ფორმატში. ყოველკვირელი, რეგულარული გამოშვებები გაგრძელდება ტრადიციულად, თუმცა ყოველწლიურად გვექნება ჩვენ ასეთი ტიპის აქტივობა, სადაც საერთაშორისო ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ რომ ქართულ, ფასიან ქაღალდებში ინვესტირება განახორციელონ.