საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერითა და საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.
ემისია კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც კორპორაცია 2024 წლიდან ახორციელებს.
„მინდა მივულოცო კომპანიას „ნუტრიმაქსი" ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განთავსება. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს კაპიტალის ბაზარს, როგორც გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან ინსტრუმენტს.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს დავიწყეთ, რამაც ბიზნესის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე განთავსებულია 14 კომპანიის 22 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსია მოზიდული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, კიდევ ერთი წარმატებული ემისია სხვა კომპანიებისთვისაც პოზიტიური მაგალითი იქნება და წაახალისებს მათ, რათა უფრო აქტიურად შეძლონ კაპიტალის ბაზრის გამოყენება", - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თანხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში მზარდია და დაგეგმილია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის - თამარ იოსელიანი
23.06.2026.14:15
საქართველოში საავიაციო სექტორი სწრაფად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო საავიაციო პროცესებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე რეგიონთაშორისი სემინარის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
მისი განცხადებით, საქართველოში ICAO-ს წარმომადგენლობითი სემინარის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში.
„მსგავსი ტიპის სემინარები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ამ სისტემების ადგილობრივ დონეზე ადაპტირებას. ამასთანავე, ჩვენ ICAO-სთვის საიმედო პარტნიორს წარმოვადგენთ, რაც საერთაშორისო აუდიტების წარმატებით განხორციელებამაც დაადასტურა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ სააერონავიგაციო მომსახურების ზედამხედველობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა - 62-დან 96 პროცენტამდე გაიზარდა, რაც გლობალურ პრაქტიკასთან მიმართებით დაახლოებით 34-პროცენტიან წინსვლას გვაძლევს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში საავიაციო დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება.
„2025 წელს ამ მიმართულებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებლები გვქონდა. მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, საავიაციო დარგში მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ახალი მიდგომების დანერგვა გვეხმარება, მუდმივად ვპასუხობდეთ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საავიაციო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც თანამედროვე სისტემების ათვისებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს სემინარი კი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში სწრაფად ინტეგრირებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონთაშორისი სემინარი იმართება. ღონისძიება საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) აქტუალურ საკითხებს ეთმობა.
სამდღიან სემინარში მონაწილეობენ დელეგატები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებიდან, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებიდან, ასევე მოწვეული სტუმრები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან, საჯარო უწყებებიდან და ავიასაწარმოებიდან.