საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება - პრემიერი
დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს შემდგომი მხარდაჭერა ესაჭიროება.
„ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს - მარიამ ქვრივიშვილი
20.10.2026.15:12
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის ამბიციური, გრძელვადიანი საინვესტიციო მიზანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ახალი საწარმოების შექმნას, არსებული ბიზნესის გაძლიერებასა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
„ჩვენი მიზანია, ბიზნესს განვითარების ყველა ეტაპზე, სახელმწიფოს სახით, ჰყავდეს ძლიერი და საიმედო პარტნიორი - პირველი იდეიდან საწარმოს შექმნამდე, წარმოების გაფართოებიდან საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდე, მცირე ბიზნესიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებამდე. ჩვენ გვინდა ეკონომიკა, რომელიც უფრო მეტს აწარმოებს, უფრო მეტს ყიდის საერთაშორისო ბაზარზე, ქმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის შედეგებს საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თითოეულ ოჯახამდე მიიტანს. სწორედ ასეთ ეკონომიკას სჭირდება თანამედროვე განვითარების ინსტიტუტები, ძლიერი კერძო სექტორი და სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე კურატორ მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისთვის.
„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობის ზრდისთვის, ისევე როგორც აღნიშნული რეფორმის ძალიან ეფექტურად მართვისა და კორპორაციის ძალიან სწორი ფორმით ჩამოყალიბებაში. მე მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს - ბატონ ირაკლი გაბრიაძეს და მის გუნდს. ჩვენ ძალიან დიდი ამოცანები, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, კორპორაციის ძალისხმევით ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.