საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
„საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა" და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ფინანსთა მინისტრმა თავის პრეზენტაციაში დეტალურად ისაუბრა ქვეყნის უახლესი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესახებ, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებსა და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული პროგრესის თაობაზე.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ წლებში, საქართველომ შეძლო მდგრადობის შენარჩუნება სხვადასხვა შოკის მიმართ და გამოავლინა ფისკალური სტაბილურობა.
„ბოლო ათწლეულის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყო, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში – 9.3%; საშუალოვადიანი პროგნოზი 5%-ის დონეზეა;
* ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 31 000 დოლარს მიაღწია;
* ეკონომიკის სტრუქტურა მეტად გახდა სერვისებზე ორიენტირებული (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, განათლება), ტრადიციულ სექტორებთან ერთად", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომელთა შორისაა: კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმები, ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაცია, ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
ფისკალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და ვალის მართვის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ფისკალური დეფიციტი 2020 წლის 9.2%-დან 2022 წელს შემცირდა 3%-მდე, ხოლო 2025 წელს - 1.4%-მდე; ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 34%-მდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან ზღვარზე.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საგარეო ვალის 93% წარმოადგენს შეღავათიან სესხებს საერთაშორისო და ორმხრივი ინსტიტუტებისგან. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, ფასიანი ქაღალდები გამოიცემა ყოველთვიურად, რაც ზრდის ბაზრის პროგნოზირებადობას.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავება არარეზიდენტი ინვესტორებისთვის ბაზარზე წვდომის გასამარტივებლად. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველო აქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრებს ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების გასაუმჯობესებლად.
გამოსვლის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობას გრძელვადიანი მდგრადობისთვის და ფინანსთა სამინისტროს მტკიცე ერთგულებას მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სხვა სიახლეები
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შიდა ქართლში 66 მილიონიან ენერგეტიკულ პროექტს იწყებს
10.06.2026.16:40
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შიდა ქართლში სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 963 611 ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზების „ლიახვისა“ და „ურბნისის“ გაორჯაჭვიანებას, ასევე 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ლომისის“ რეკონსტრუქციას. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამივე პროექტის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება შიდა ქართლში მშენებარე განახლებადი ენერგიის ობიექტების ელექტროგადამცემ ქსელში ინტეგრაცია და ქსელის გამტარუნარიანობის ზრდა.
2027 წლისთვის დაგეგმილია განახლებადი ენერგიის წყაროების მიერ გამომუშავებული 260 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ქსელში ინტეგრაცია, ხოლო 2028 წლისთვის - დამატებით 110 მეგავატის მიერთება. საერთო ჯამში, 2030 წლისთვის დაგეგმილია 800 მგვტ სიმძლავრის ქსელთან დაკავშირება.
განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობისა და მდგრადობის ზრდას და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.