საქართველოს ენერგეტიკული თვითკმარობის მისაღწევად ჯერ კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება, რადგანაც ჯერ კიდევ ასაშენებელი გვაქვს როგორც ჰიდროს, ასევე მზის და ქარის მიმართულებით ელექტროსადგურები - მაია მელიქიძე
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 3–5%-ით იზრდება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკული თვითკმარობის მისაღწევად ჯერ კიდევ რამდენიმე წელი სჭირდება.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, მაია მელიქიძემ აღნიშნა, ამისთვის აუცილებელია როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა. მისი თქმით, 16 მარტის შემდეგ, როდესაც ენერგეტიკული პროექტების განაცხადების მიღება დასრულდება, უფრო მკაფიო გახდება, ვინ არიან ის რეალური ინვესტორები, რომლებიც პროექტების განხორციელებას შეძლებენ.
„ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი წლიდან წლამდე გვეზრდება, ეს არის 3-დან 5%-მდე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ თვითკმარ ქვეყნამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე წელი გვაკლია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ კიდევ ასაშენებელია როგორც ჰიდროს, ასევე მზისა და ქარის მიმართულებით ელექტროსადგურები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი მილიარდი ლარის ჩამოწერასთან დაკავშირებით განაცხადი. 16 მარტი არის ის თარიღი, როდესაც დასრულდება განაცხადების მიღება სამინისტროს მიერ და ჩვენ უფრო მკაფიოდ დავინახავთ, ვინ არიან რეალური ინვესტორები, ვის შეუძლია პროექტების განხორციელება, და ასევე გამოთავისუფლდება დადგმული სიმძლავრეები, რომლის ათვისების შესაძლებლობაც უკვე ექნებათ სხვა ახალ ან თუნდაც ძველ ინვესტორებს, უბრალოდ განსხვავებულ ლოკაციებზე“, - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საჭირო გახდა 10-წლიან განვითარების გეგმის გადახედვა და ქსელის წესებში ცვლილებების შეტანა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები უახლოეს პერიოდში წარედგინება სემეკს, რის შემდეგაც დაიწყება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცესი, რომელშიც კერძო სექტორიც ჩაერთვება.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან. ორშაბათს გამოყოფილი დრო საკმარისი არ იყო, ამიტომ მეორე დღეს შეხვედრას გავაგრძელეთ. განვიხილეთ ქსელის წესები. ის 10-წლიანი გეგმა, რომელიც დღეს არსებობს, რეალურად ვერ პასუხობს მოცემულობას, რეალობასა და გამოწვევებს, რომელშიც ვართ. ამიტომ ქსელის წესებში შედის ცვლილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიეწოდება სემეკს და შემდეგ სემეკი იმსჯელებს და დაამტკიცებს. მაღალი ალბათობით, პროცესში კერძო სექტორიც ჩაერთვება, რადგან სემეკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წარმოების დაწყებისას ერთი თვე აძლევს რეკომენდაციების მიღების ვადას. მომავალ თვეში აუცილებლად გვექნება შეხვედრა კერძო სექტორთან სემეკთან, სადაც განვიხილავთ საკითხს, სანამ ქსელის წესები საბოლოოდ იქნა მიღებული.
ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, გენერაციის ობიექტების განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ - 10-წლიან გეგმაში აუცილებლად უნდა მოხდეს გადამცემი ხაზების აშენება, რათა გენერირებული ელექტროენერგია მივიდეს საბოლოო მომხმარებელამდე. ელექტროენერგიას აქვს თავისი ციკლი: გენერაცია, გადაცემა, განაწილება და მიწოდება. ეს ოთხი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გაიაროს წარმოებულმა ელექტროენერგიამ. ამიტომ, ჰიდროს გარდა, პრიორიტეტში ქარი და მზე თანაბარწონადად უნდა იყოს ჩართული“, - განმარტავს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
აუცილებლად უნდა იქნას დაცული საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს - ლევან ჟორჟოლიანი
16.10.2026.13:59
ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას, შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით აქვს ძალიან კარგი შედეგები, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.
„ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედებასთან - როდესაც წარმოება იზრდება, ბიზნესი ვითარდება, ეს ყოველთვის ნიშნავს გარემოზე ზემოქმედებას. შესაბამისად, აქ შემოდის ის საერთაშორისო სტანდარტები და ვალდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას დაცული, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ინკლუზიური. მარტო ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც მიღებულია სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით თავის გამოსვლაში, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფართობებთან მიმართებაში, დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს,"- აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.