საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის - მარიამ ქვრივიშვილი
„დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დ მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესში არსებულ დინამიკაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, 2036 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით, ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან ერთად, ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
„ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას. ამ დინამიკიდან გამომდინარე, ძალიან გვახარებს, რომ როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წლებშიც ჩვენს ადგილობრივ ენერგობაზარს მნიშვნელოვანი დადგმული სიმძლავრეები დაემატება" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826