საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი - თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე
საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) საუბრისას განაცხადა, რომელსაც ბათუმი 7-8 სექტემბერს მასპინძლობს.
თამარ იოსელიანის თქმით, ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს საზღვაო სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
„7-8 სექტემბერს ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება. აღნიშნული ფორუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება. შესაბამისად, საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მწყობრი და თანმიმდევრული გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სექტორი, როგორ გავიმყაროთ როლი შუა დერეფნის კონტექსტში და ვიყოთ საიმედო დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826