ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შეინარჩუნა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. 2025 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 3.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.0 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. მომსახურების სექტორის ინფლაციამ, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ასახავს, მაისში 2.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანობაში, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ძირითადად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციის ასახვაა. მეორე მხრივ, სურსათის გაზრდილ ინფლაციას, იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია აბალანსებს, მეტწილად წლიურად შემცირებული საწვავის ფასების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, საბაზო ეფექტისა და გლობალურად არსებული ტენდენციების შედეგად, 2025 წელს ინფლაცია დროებით მიზნობრივზე მაღალი, საშუალოდ 3.8 პროცენტი, იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.
სტაბილურ ინფლაციასთან ერთად კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდთან ნელი ტემპით დაახლოების ნიშნებს ავლენს. ამის თანაზომიერად, საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპიც მის წონასწორულ დონეს მეტად დაუახლოვდა.
გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად გაიზარდა ნავთობის ფასები. ამავდროულად საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები გამწვავდა. ეს კი, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვების გაუარესებისა და გლობალურად ინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აჩენს. ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე, შესაძლოა მაღალინფლაციური სცენარი განვითარდეს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, მიმდინარე გაურკვევლობის შედეგად დოლარის ინდექსი გლობალურად შესუსტებული რჩება. ამავდროულად, ბოლო პერიოდში სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასები გარკვეულწილად შემცირდა. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 30 ივლისს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
14.05.2026.19:43
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს," რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.