მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25%-ზე ინარჩუნებს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება, რამაც მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკის ხანგრძლივობა და, შესაბამისად, ინფლაციური წნეხი გაზარდა. შედეგად, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი 3-პროცენტიანი მაჩვენებლიდან გადახრას კვლავ მეტწილად ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა, საიდანაც დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ენერგორესურსების ფასებზე მოდიოდა. ამასთან, საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და გადაზიდვების შეფერხებები, ენერგორესურსების გაძვირებასთან ერთად, წარმოებისა და ტრანსპორტირების დანახარჯებს ზრდის, რაც სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე არაპირდაპირი გავლენის არხით დამატებით ინფლაციურ წნეხს ქმნის. ამ ფონზე, განსაკუთრებით საყურადღებოა ინფლაციის შედარებით ხისტი კომპონენტების დინამიკა, რომლებიც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის უკეთეს საზომს წარმოადგენს. ამ მხრივ, საბაზო და მომსახურების ინფლაცია კვლავ მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ 3.5 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად ამ ეტაპზე მიწოდების შოკის ინფლაციურ მოლოდინებზე გავლენა ზომიერია, თუმცა შოკის გახანგრძლივების გამო ის მეტად საყურადღებო რისკად რჩება.

მიმდინარე ეტაპზე, გლობალური ტენდენციების ფონზე გახანგრძლივებული ინფლაციური წნეხის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით, 5.4 პროცენტამდე გაიზარდა. სხვა თანაბარ პირობებში, 2027 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება და საშუალოდ 3.5 პროცენტი იქნება.

ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3 პროცენტი, ხოლო წლის პირველ რვა თვეში საშუალოდ 7.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ზრდას კვლავ მეტწილად მაღალპროდუქტიული სექტორები განაპირობებს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5 პროცენტიდან 7.2 პროცენტამდე გაიზარდა, 2027 წელს კი მოსალოდნელია რომ 5.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

გეოპოლიტიკური მოვლენების შემდგომ განვითარებასა და ეკონომიკაზე მათი გავლენის მასშტაბთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ მაღალია. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკის სცენარები განიხილა.

მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში, ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი ითვალისწინებს. აღნიშნული სცენარის ძირითადი რისკია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მეტად გამწვავება და ხანგრძლივად შენარჩუნება, რაც ნავთობის მიწოდებისა და გადამუშავების დამატებითი შეფერხებების ფონზე ენერგორესურსების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთან, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტებზე გადასვლა წარმოებასა და ტრანსპორტირებას გააძვირებს. შედეგად, გაძლიერებული გლობალური ინფლაციური წნეხი ადგილობრივ ეკონომიკას იმპორტირებული ინფლაციისა და გამკაცრებული გლობალური ფინანსური პირობების არხებით გადმოეცემა, რაც მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებასა და მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას მოითხოვს.

მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფ ნორმალიზებას ითვალისწინებს. კერძოდ, ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა, რომელიც მეტწილად მაღალპროდუქტიულ სექტორებს ეფუძნება, მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდება. ეს, თავის მხრივ, საგარეო პოზიციის მდგრად გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალ დონეს განაპირობებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს გაცვლითი კურსის ფუნდამენტურ გამყარებას და ერთობლივი მოთხოვნის ზრდის ინფლაციურ გავლენას შეზღუდავს. ამასთან, სცენარი ითვალისწინებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციას, რის შედეგადაც ენერგორესურსების ფასები ცენტრალურ სცენართან შედარებით შემცირდება. შედეგად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უფრო სწრაფად დაუახლოვდება.

მიმდინარე მაკროეკონომიკური ვითარებისა და არსებული რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანია ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების რისკების მინიმიზირება, რათა მიწოდების შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტს სწრაფად დაუბრუნდეს. იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივებული მიწოდების შოკის შედეგად ინფლაციურ მოლოდინებში ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მეორე რაუნდის ეფექტებსაც გააძლიერებს, მპკ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს. ხოლო მას შემდგომ, რაც ინფლაციური შოკი ამოიწურება, სებ ეტაპობრივად დაიწყებს პოლიტიკის ნორმალიზებას.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა