საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა - IMF
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური ბაზრების ნდობა, - ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელის საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს. როგორც სსფ-ს კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე დონე ზომიერი სტრეს-სცენარების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურია.
კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ საქართველოსთვის სასურველია საერთაშორისო რეზერვების დონე IMF-ის ARA მეტრიკის დაახლოებით 145-150 პროცენტზე იყოს. დამატებითი საერთაშორისო რეზერვების საჭიროება განპირობებულია იმ სარგებლით, რომელსაც მაღალი მოცულობის რეზერვები ქმნის: ამცირებს ქვეყნის სუვერენული დაფინანსების ხარჯებს, ხელს უწყობს კერძო სექტორის დოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოფს საჭირო ლიკვიდობას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებისთვის, გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შესარბილებლად.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საერთაშორისო რეზერვების შემდგომი დაგროვებისთვის კვლავ არსებობს სივრცე, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების არსებული, ფასზე დაფუძნებული ჩარჩო შესაბამისია არსებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების ტემპთან და მასშტაბის კალიბრაციისათვის, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს გაცვლითი კურსის მოქნილობას საგარეო პირობების ცვლილებების საპასუხოდ.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.
სხვა სიახლეები
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს 19.3%-ით გაიზარდა და $1 900.4 მილიონი შეადგინა - საქსტატი
17.08.2026.11:06
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება.
2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე No3. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით (426.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით (214.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით (202.4 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 56.8 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).