საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მარეგულირებელი ჩარჩო სრულად ეფუძნება FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას - ნინო ჯელაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს ორგანული კანონით. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სანქცირების საკითხის შესახებ.
მისი შეფასებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი რეგისტრაცია, ლიცენზიის გარეშე ახორციელებს ასეთ საქმიანობა და ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ბუნებრივია, ვერ მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ.
,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ისევე როგორც მანამდე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიები, საქართველოს ეროვნულ ბანკში არასოდეს ყოფილან დარეგისტრირებული. რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს დეტალურ შემოწმებას: კომპანიის ბიზნეს მოდელის, ბენეფიციარი მესაკუთრეების, სახსრების წარმომავლობის, ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების და სხვა მოთხოვნების. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს და ეფექტიან ფილტრს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ არალეგალურ საქმიანობასთან", - აცხადებს ნინო ჯელაძე.
მისივე თქმით, რეგისტრაციით ვალდებულებები არ სრულდება. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ყველა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს მოეთხოვება სრულ შესაბამისობაში იყოს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ფინანსურ სანქციებთან. ამასთან, რეგულაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ ისეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან რომელიც, არ არის ეროვნული ბანკის მიერ ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ ლიცენზირებული.
,,ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც შექმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რეგისტრაციის სამართლებრივი ჩარჩო. ამ რეგულაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა სექტორის გამჭვირვალობა, სანდოობა და ანგარიშვალდებულება, ხოლო ბაზრის მონაწილეებისთვის შექმნა მკაფიო და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მარეგულირებელი ჩარჩო სრულად ეფუძნება FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნული მიდგომა საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული. რაც აღნიშნა ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა – MONEYVAL-მა – 2024 წლის შეფასების ანგარიშში", - აცხადებს ნინო ჯელაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებაში - რენატ ბექტუროვი
28.10.2026.13:54
ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველის, რენატ ბექტუროვის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ამის შესახებ მან „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ისაუბრა.
რენატ ბექტუროვის შეფასებით, სამიტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ფინანსური პროდუქტების განვითარების საკითხებზე. მისივე თქმით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენას, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების შესახებ დიალოგის გაღრმავებას.
„ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს, ის ბიზნესებს შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ წერტილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მონაწილეები თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, გაეცნონ ქვეყნის შესაძლებლობებს და შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს", – განაცხადა რენატ ბექტუროვმა.
AIFC-ის მმართველის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შუა დერეფნის განვითარება, რასაც თან უნდა ახლდეს ფინანსური კავშირების გაძლიერება. მისი შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ როგორც ფინტექკომპანიები, ისე ტრადიციული საბანკო სექტორი.
რენატ ბექტუროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მობილიზებას ეკონომიკური ზრდისთვის.
მისივე თქმით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ლიცენზირებული სუბიექტებისთვის ორმხრივი წვდომის პროექტზე, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ფინანსური კავშირების გაძლიერებას.
AIFC - ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ყაზახეთში, ასტანაში დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური პლატფორმაა, რომლის მიზანია ქვეყანაში და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური მომსახურების სექტორის გაძლიერება. ცენტრი აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, საინვესტიციო კომპანიებსა და სხვა მონაწილეებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კავშირების გაღრმავებას.