საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს - ნინო ჯელაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ თბილისში, ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენციის DGFI 2026-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური სექტორის, ბიზნესის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება ციფრული ფინანსების განვითარების, ფინანსურ სექტორში ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა.
მისასალმებელ სიტყვაში ნინო ჯელაძემ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და რეგიონულ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული როლი ქვეყანას რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
„საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდურია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ამასთან, ქართული ბანკები აფართოებენ საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აძლიერებენ რეგიონულ პოზიციებს. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 33% ფინანსურ სექტორზე მოდიოდა, რაც სექტორისა და ქვეყნის განვითარების პოტენციალის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ადასტურებს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
კონფერენციაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩოს დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს, ასევე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASP) სავალდებულო რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სრულყოფილი ჩარჩოს შექმნაზე, რომლის საფუძველზეც რეგისტრირებულია 40-ზე მეტი პროვაიდერი, მათ შორის საერთაშორისო ოპერატორები. ნინო ჯელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სტეიბლკოინების პირველადი შეთავაზების სპეციალურ მარეგულირებელ ჩარჩოზეც, რომელიც ბაზარზე დაშვების, რეზერვებით უზრუნველყოფის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციების ხელშეწყობა მკაფიო რეგულაციებსა და ეფექტიან ზედამხედველობას შეუთავსოს, რაც ციფრული ფინანსების მიმართ ნდობისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.
„ფინანსების მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, მდგრადი და სანდოა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვესმის, რომ ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ახალი იდეები გაჩნდება, ბიზნესი განვითარდება და მომხმარებლები უკეთესი ფინანსური მომსახურებით ისარგებლებენ, ამავდროულად კი დაცული იქნება ფინანსური სისტემის მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826