საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით, ამავდროულად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 7.5%-ით გაიზარდა, ისევე, როგორც 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით. ამავდროულად, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ქმნის საფუძველს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორის დაფინანსების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კონკრეტული შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა - კორპორაციული ბონდების ბაზარი აგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტორი და ბიზნესი ინტერესდება საინვესტიციო ფონდების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის, ტექნოლოგიების განვითარების საკითხზე.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, რომ ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა. სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.
სხვა სიახლეები
27.10.2026.13:39
სებ-ისა და მთავრობის წარმატებული რეფორმების შედეგად, საქართველო დღეს იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს აერთიანებს - ნათია თურნავა
27.10.2026.13:31
და მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიება სინგაპურის გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) აღმასრულებელმა დირექტორმა სოპნენდუ მოჰანტიმ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მიმართეს.
„უკვე მეორე წელია, საქართველო იმ საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს, მათ შორის სინგაპურს, იაპონიასა და შვეიცარიას აერთიანებს. ეს არის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგი", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამიტის გახსნაზე.
მისი თქმით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, საერთაშორისო რეზერვები კი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა და 8.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც, სსფ-ს მეთოდოლოგიით განსაზღვრული მაჩვენებელი (ARA metric) ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება და 128.2%-ს შეადგენს.
ნათია თურნავას განცხადებით, ქართული საფინანსო სექტორი მაღალი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის ძლიერი ბუფერებით ხასიათდება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მის მიმზიდველობას ზრდის. 2025 წელს საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წლიურმა ზრდამ 18.7% შეადგინა.
სამიტის მთავარი თემაა რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ცენტრალური ბანკების პრიორიტეტებზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ციფრულ აქტივებზე, გადახდების მომავალზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოებაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის".
„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.