საქართველოს გააზრებული მიდგომა ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით ქვეყანას ფინანსური ინოვაციების განვითარების ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს - პატრიკ ტანი
„საქართველოს გაუმართლა, რომ იმყოფება აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე. ეს წარმოუდგენელ გეოგრაფიულ უპირატესობას ანიჭებს ქვეყანას გლობალური საბანკო სექტორის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს აქვს ძლიერი და მდგრადი საბანკო სექტორი, სტაბილური ვალუტა და პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყანაში მეწარმეებსა და ინოვატორებს უჭერს მხარს" - განაცხადა სინგაპურში დაფუძნებული ბლოკჩეინ ანალიტიკური კომპანია ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა პატრიკ ტანმა, „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში.
პატრიკ ტანის შეფასებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის ნაწილია, რაც ქვეყანას კაპიტალის, ადამიანური რესურსებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ფინანსური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს უქმნის.
„საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მდგრადი საბანკო სექტორი და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით გააზრებული მიდგომა ქვეყანას საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს," - აღნიშნა მან.
ChainArgos-ის გენერალურმა მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიდგომას ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში. მისი შეფასებით, ქვეყანამ შეძლო სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინება და ციფრული აქტივების რეგულირების მიმართულებით თანმიმდევრული და გააზრებული მიდგომის არჩევა.
„ხშირად ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ჩქარობენ ციფრული აქტივების, ვირტუალური აქტივებისა და სტეიბლკოინების რეგულირებას, თუმცა ამ პროცესში ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. საქართველოს შემთხვევაში დავინახეთ მტკიცე და გააზრებული ინიციატივა, რომ პროცესი თავიდანვე სწორად წარმართულიყო, ვიდრე მის მასშტაბურ დანერგვას დაიწყებდნენ", – განაცხადა მან.
პატრიკ ტანის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური გადახდების განვითარების მიმართულებითაც. მისი თქმით, გლობალურ ქსელში გადახდების სულ უფრო მეტად გაციფრულებისა და ავტონომიურობის ზრდასთან ერთად, საქართველოს შეუძლია ამ პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს.
ChainArgos არის სინგაპურში დაფუძნებული კერძო კომპანიაა, რომლის პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიკვლიონ და აკონტროლონ კრიპტოაქტივების მოძრაობა ბლოკჩეინქსელებში, გააანალიზონ ტრანზაქციები და გამოავლინონ საეჭვო ფინანსური ნაკადები.
სხვა სიახლეები
არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება - სანდიპ ნაილვალი
28.10.2026.16:25
Polygon-ის დამფუძნებლისა და Polygon Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, სანდიპ ნაილვალის განცხადებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, ციფრული აქტივების მიმართულებით რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს და გლობალურ ფინანსურ სისტემაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს.
მისი შეფასებით, „თბილისის ფინანსური სამიტი", რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებსა და მაღალი დონის რეგულატორებს აერთიანებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საკუთარი როლის გასაძლიერებლად.
„საქართველოს რეგულატორები ძალიან პროგრესულად აზროვნებენ და ციფრული აქტივების მიმართულებას სიღრმისეულად უდგებიან. ეს არ არის მხოლოდ ციფრული აქტივების ფორმალური დაშვება — საუბარია ციფრული ეკონომიკის რეალურ ათვისებასა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მათ ინტეგრაციაზე", — განაცხადა სანდიპ ნაილვალმა.
მისი თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, მათ შორის — სათანადო ინფრასტრუქტურა, ნიჭიერი კადრები, მეწარმეობის პოტენციალი და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანში აქცევს.
Polygon-ის დამფუძნებლის შეფასებით, ციფრული აქტივების ფინანსური ინფრასტრუქტურის ბირთვში ინტეგრაცია საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რეგიონში ციფრული ფინანსების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის, სხვა რეგულატორებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროგრესულ ხედვებზე და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.
„არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება", — აღნიშნა სანდიპ ნაილვალმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" მომავალ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება და საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდება.
Polygon არის ბლოკჩეინტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა. მისი მთავარი მიზანია ბლოკჩეინქსელების მასშტაბურობის გაუმჯობესება და ციფრული ტრანზაქციების უფრო სწრაფად და დაბალი დანახარჯით განხორციელების ხელშეწყობა. კომპანია მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილკოინების გამოყენებას, აქტივების ბლოკჩეინზე გადატანასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას გლობალურ მასშტაბზე.