მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესს შეხვდა - რა განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ასევე კულტურის სამინისტროსთან და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი არქიტექტორებთან, სახელოვნებო წრეებთან, მშენებლებთან, მწარმოებლებთან, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციით წარიმართა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებთან თანამშრომლობა იყო.
„აქტიური თანამშრომლობა გვქონდა კერძო სექტორთან, რეგულაციის შემუშავებისას ვიხელმძღვანელეთ ევროპული სტანდარტებით, დეტალურად გვაქვს შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა. რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, რათა ყველა რეგიონისთვის გვქონდეს ფაქტობრივად, დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ისტორიული უბნები, ახალი განაშენიანება და ა.შ.“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესაბამისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან.
კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელთაც კერძო სექტორს დადგენილების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა კერძო სექტორს ესთეტიკური მახასიათებლების ძირითადი მოთხოვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გამახვილა, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის, განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.
„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაწესდება ესთეტიკური მახასიათებლების ზოგადი სახელმძღვანელო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სათანადო არქიტექტურული იდეის რეალიზება. ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში, იყოს ჰარმონიზებული თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებთან და არსებულ გარემოსთან, იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკურად მიმზიდველი განაშენიანების იერსახე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - თამარ იოსელიანი
08.07.2026.18:56
„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა.
„საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.