საქართველოს მთავრობასთან ერთად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება - ლაშა აბაშიძე
,,ერთი წლის წინ საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მოძველებული მოძრავი შემადგენლობა წარმოადგენდა. კომპანიაში მართვის მიდგომების შეცვლის შედეგად, გაუმჯობესდა საოპერაციო პროცესები, შემცირდა ხარჯები და დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებას მოხმარდა." - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ლაშა აბაშიძის თქმით, კომპანიამ უკვე შეიძინა 200 ახალი სატვირთო ვაგონი, რომლის დაახლოებით 50 ერთეული უკვე საქართველოშია. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის გაორმაგება იგეგმება. ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ რკინიგზაში 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.
,,ეს მართლაც ისტორიული პროცესია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა მოძველებული სალოკომოტივო პარკი,“ - აღნიშნა საქართველოს რკინგიზის გენერალურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826