საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ რამდენიმე პროგრამის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შევთავაზებთ კერძო სექტორს | ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი
საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ რამდენიმე პროგრამის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შევთავაზებთ კერძო სექტორს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
„ჩვენ ღონისძიებაზე წარვადგინეთ და ქალბატონმა ვიცე-პრემიერმაც, შემდეგ პრეზენტაციაზეც ვისაუბრეთ კონკრეტულ სამიზნე მაჩვენებლებზე. ეს არის 40 მილიარდი ლარი, რომლის ინვესტირებაც გვინდა, რომ ჩვენი ჩართულობით განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
ეს 40 მილიარდი ლარი იშლება კონკრეტული მიმართულებებით. მაგალითად, 16 მილიარდი ლარი გვინდა, რომ უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, მიკროსესხები, ამ მოცულობას შევუწყოთ ხელი. ასევე, კიდევ 15-16 მილიარდი ლარის ფარგლებში გვინდა, რომ ბონდების გამოშვებით და ბონდების გამოშვების წახალისებით მოვახდინოთ ამ თანხების მობილიზება.
დაახლოებით 7-დან 10 მილიარდ ლარამდე გვინდა, რომ ახალი მექანიზმებით, აი, იმ მექანიზმებით, რომლებიც ჩამოვთვალოთ, ეს არის პირდაპირი სესხები, ფონდებში ინვესტირება, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა მიმართულებებით, შევუწყოთ ხელი ამ თანხების მობილიზებას და მიმართვას კერძო სექტორისკენ.
გვინდა, რომ, როდესაც კერძო კაპიტალის ფონდებზე ვსაუბრობთ, 10 წლის თავზე ერთ მილიარდ ლარამდე ჰქონდეთ ამ კერძო კაპიტალის ფონდებს ისეთ აქტივებში დაბანდებული, რომელიც გულისხმობს პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას. ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა განხორციელებადი, და გვინდა, რომ 2 000-ზე მეტ ექსპორტიორს დავეხმაროთ იმაში, რომ მათ გაზარდონ, გააფართოვონ ან დაიწყონ ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი და სხვა ბაზრებზე შესვლა.
ეს არის საკმაოდ ამბიციური გეგმები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან ინტენსიური სამუშაოები განხორციელდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. რამდენიმე დადგენილება უკვე მიღებულია. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ კიდევ რამდენიმე დადგენილებისა და პროგრამის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შევთავაზებთ კერძო სექტორს.
ასევე, კორპორაციამ გაზარდა და გააუმჯობესა საკუთარი შესაძლებლობები იმისა, რომ შეაფასოს კონკრეტული პროექტები და შემდეგ უფრო გაცნობიერებულად და ხარისხიანად შევიდეთ აღნიშნულ პროექტებში. ეს მოსამზადებელი ეტაპი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, დასასრულს უახლოვდება და უკვე ვთავაზობთ კონკრეტულ პროდუქტებს. უახლოეს მომავალში სრულად შეიკვრება ის პაკეტი, რომელსაც უნდა მოჰყვეს 40 მილიარდი ლარის ინვესტირება მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
სხვა სიახლეები
მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა | საქსტატი
23.10.2026.11:09
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2 პროცენტით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7 პროცენტი).
2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.0 პროცენტით.