საქართველოს რკინიგზაში დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები- მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო ეს პროექტები | ლაშა აბაშიძე
„საქართველოს რკინიგზაში უკვე დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით, შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
გამოცხადებულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა - ეს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და მოიცავს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას | ლაშა აბაშიძე
07.10.2026.19:56
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზი მთლიანობაში 18 კილომეტრიანი, სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
„უკვე გამოცხადებულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა. ეს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და მოიცავს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩვენს არსებულ მაგისტრალთან. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ასევე ყველა შესყიდვის პროცედურა განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.