საქართველოს რკინიგზაში იგეგმება მასშტაბური ინვესტიცია, რათა განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის - თამარ იოსელიანი
საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ინფრასტრუქტურის, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას და ამ სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის პრეზენტაციის "ისტორიული განახლების" შემდეგ განაცხადა.
"საქართველოს მთავრობისთვის სამივე მიმართულება პრიორიტეტულია და შესაბამისად, იგეგმება მასშტაბური და მსხვილი ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზისთვის ბოლო ერთი წელი იყო გარდამტეხი - განხორციელდა მასშტაბური ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ასამაღლებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. "ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხამ, ჯამურად, 230 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლებასთან დაკავშირებით მიიღო. 2026-2028 წლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რათა სრულად განახლდეს სავაგონო და სალოკომოტივო პარკი. ახალი სისტემებისა და გაციფრულების დანერგვით, ჩვენ შევძლებთ გავანახევროთ ქვეყნის გადაკვეთის დრო, გავხდეთ ბევრად უფრო ეფექტიანები და გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, სამგზავრო მიმართულების გაძლიერების ფარგლებში, საქართველო ორი წლის განმავლობაში 10 ახალ მატარებელს შეიძენს, წელს კი ხუთის განახლება იგეგმება, რაც თბილისი - ქუთაისისა და თბილისი – ახალციხის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნისა და მგზავრებისთვის კომფორტული მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობას შექმნის.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელზე, რომლის აღდგენაც 2027 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება, ასევე შეეხო რკინიგზის ძირითად მაგისტრალზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. თამარ იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც გასულ წელს, დეკემბერში დასრულდა და საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გააორმაგა.
თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის განვითარებისათვის 10-წლიანი გეგმაა შემუშავებული, რომელიც დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, დაახლოებით 1,7 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს მიზნად ისახავს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, ეფექტიანი და სწრაფი რკინიგზა, რომელიც რეგიონში სანდო პარტნიორის სტატუსს განგვიმტკიცებს", - აღნიშნა იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
IMF აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებისკენ, ხოლო ჩინეთს ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებს
22.10.2026.19:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ ვერ შეძლებს მზარდი სახელმწიფო ვალის პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, საგადასახადო პოლიტიკის ან სახელმწიფო ხარჯების კორექტირების გარეშე. ამასთან, მისი შეფასებით, ჩინეთმა ექსპორტზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მოდელიდან შიდა მოხმარებაზე მეტად ორიენტირებულ მოდელზე უნდა გადაინაცვლოს.
გეორგიევამ მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას ფისკალური და სავაჭრო დისბალანსების შესამცირებლად რთული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა. ამავდროულად, IMF-ის ფისკალური საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ინფლაციამ, სახელმწიფო ვალის მაღალმა დონემ და ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ გლობალურად ფისკალური კონსოლიდაციის აუცილებლობა კიდევ უფრო გაზარდა.
ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამოსვლისას, გეორგიევამ განსაკუთრებული ყურადღება განვითარებულ ეკონომიკებზე, კერძოდ, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებზე გაამახვილა და ისინი ჭარბი სახელმწიფო ვალის თვალსაზრისით ყველაზე პრობლემურ ქვეყნებად დაასახელა.
მისი შეფასებით, წამყვან ეკონომიკებში სახელმწიფო ობლიგაციების საორიენტაციო შემოსავლიანობის ზრდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებზეც ახდენს გავლენას, რომელთაც ფინანსური ბაზრების მხრიდან არსებული ზეწოლის გამო უკვე მოუწიათ ახალი ვალის აღების შეზღუდვა.