საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა l თამარ იოსელიანი
„საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, რაც ეფექტიანი მართვისა და სწორი განვითარების შედეგია", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის ეფექტიანობისა და მომგებიანობის მაჩვენებელიც, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს არა მხოლოდ მეტ ტვირთს ემსახურება, არამედ უფრო ეფექტიანად მუშაობს.
„ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 8%-ით გაიზარდა, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ზრდამ უკვე 20%-ს მიაღწია. რაც აჩვენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სერვისებზე და ჩვენს სატრანზიტო მარშრუტზე მოთხოვნა იზრდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განმარტებით, საქართველოს რკინიგზა მომავალ განვითარებაზე არის ორიენტირებული, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენა, რისთვისაც 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
„ეს გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს რკინიგზის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 152.7 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 68.2 მლნ ლარი იყო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფორმატში მონაწილეობა გვეხმარება ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე, გავიგოთ ის საჭიროებები, რაც კერძო სექტორს აქვს - რევაზ სოხაძე
15.06.2026.20:11
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე დისკუსია „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
,,დღეს, ბიზნეს ინსაიდერის ინიციატივით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობა გამომდინარე იქედან, რომ ერთის მხრივ, ყოველთვის ვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე, მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ის საჭიროებები რაც კერძო სექტორს აქვს”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT - იუჯითი
პარტნიორები - Hunnewell Cement ჰანიველ ცემენტი; Galt & Taggart - გალტ & თაგარტი; ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub ტასჰაბი; ELT Group; Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი