საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა - დაჩი ცაგურია
“არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა,” - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.
საქართველოს რკინიგზას უახლოეს პერიოდში კომფორტული და თანამედროვე მოძრავი შემადგენლობები ეყოლება. კომპანია 10 ახალ სამგზავრო მატარებელს შეიძენს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება.
საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალი რისკის ადგილებში ლიანდაგების გასწვრივ დამცავი ღობეების მონტაჟზე, როგორც სარკინიგზო ლიანდაგის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების პრევენციის საშუალებაზე.
დაჩი ცაგურიას განმარტებით, ლიანდაგის გადაკვეთა კატეგორიულად აკრძალულია.
“ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ ლიანდაგზე გადასვლა, გადაკვეთა, სიარული, სეირნობა, სურათებისა და ვიდეოების გადაღება კატეგორიულად აკრძალულია. ეს არის ძალიან სახიფათო და ყველას ვთხოვთ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას,“ - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
სხვა სიახლეები
ვმუშაობთ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში სრულად აისახოს ის საჭიროებები, რომლებიც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე სამინისტროს წინაშე დგას და ეს დაფინანსება მოვიძიოთ - გიორგი კაკაურიძე
08.10.2026.15:26
ვმუშაობთ როგორც სამინისტროსთან, ასევე, კომიტეტთანაც გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში სრულად აისახოს ის საჭიროებები, რომლებიც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე სამინისტროს წინაშე დგას და ეს დაფინანსება მოვიძიოთ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, საგარეო მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცა ამ საკითხს კომიტეტი კიდევ განიხილავს.
„საკითხები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც მყარი ნარჩენების მიმართულებით, ასევე გარემოს ზედამხედველობის, სატყეო და დაცული ტერიტორიების მიმართულებით. აქ გვაქვს დაფინანსების ზრდა, თუმცა დამატებითი საჭიროებები არსებობს და ჩვენ ვმუშაობთ როგორც სამინისტროსთან, ასევე კომიტეტთანაც გავაგრძელებთ მუშაობას, იმისათვის, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში სრულად აისახოს ის საჭიროებები, რომლებიც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე სამინისტროს წინაშე დგას და ეს დაფინანსება მოვიძიოთ. საგარეო მიმართულებით, პრინციპში, დაფინანსების მოცულობა არის ადეკვატური, დიდი საჭიროებები აქ არ არის, თუმცა კიდევ გვექნება დამატებითი განხილვა. შესაძლებელია, მცირე ცვლილებები იყოს საჭირო“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3 კომიტეტის - ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. პირველად ვერსიაში ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში, 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია და 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. იზრდება ყველა უწყების დაფინანსება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ასევე, იზრდება პენსია. დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ერთიანი აგროპროექტის მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსება და სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს ფინანსთა სამინისტრო დასამტკიცებლად ნოემბრის ბოლოს წარუდგენს.