საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს - თამარ იოსელიანი
საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტი გაზრდის გამტარუნარიანობას და საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს, მგზავრებს ახალი მიმართულებები შესთავაზოს.
„სწორედ აღნიშნული პროექტით შევძლებთ უზრუნველვყოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, საერთაშორისო ვიზიტორებს და მოსახლეობას სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მიმართულებაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები", - აცხადებს თამარ იოსელიანი.
თამარ იოსელიანი აცხადებს, აღნიშნული ტენდერი ტექნიკური მომსახურების შეძენასაც ითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ჩვენ შევისყიდით 10-წლიან მომსახურებას, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სამგზავრო შემადგენლობების ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
საქართველოს რკინიგზა ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს. ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი.
ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
სხვა სიახლეები
საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს - ნათია თურნავა
11.11.2026.18:43
„საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში ლიცენზირებისა და რეგულირების პროცედურების გამარტივება ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლასა და არსებულ ფინანსურ ორგანიზაციებში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს" , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ განმარტა, კანონპროექტის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის გადახედვა და იმ პროცედურების გამარტივება, სადაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება შესაძლებელია.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო, განსაკუთრებით კი საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პირველ ადგილზეა. სექტორზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36-40% მოდის, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.
„რადგან ეს დარგი არის ნომერი პირველი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ჩვენც უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და ამ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პროცედურების გამარტივება არ გულისხმობს საზედამხედველო მოთხოვნების შემსუბუქებას. ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრად შეაფასებს საქართველოში შემოსვლის მსურველი ინვესტორების შესაბამისობას დადგენილ კრიტერიუმებთან.
ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მაღალი რეიტინგების გათვალისწინებას რათა იმ შემთხვევებში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ან მის მარეგულირებელ გარემოს მაღალი საერთაშორისო შეფასება აქვს, აღარ გახდეს საჭირო ყველა საკითხის ნულიდან გადამოწმება.
ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი ღიაა სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან ინვესტიციების მოზიდვისთვის და მიესალმება როგორც ინდური, ისე ყაზახური, ბრიტანული და სხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს.
„ეს ცვლილება განპირობებულია არა კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე. პრივილეგია არავის სჭირდება და არც ისარგებლებენ. საუბარია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მივიღოთ მხედველობაში და ნულიდან არ დავიწყოთ იმ საკითხის გადამოწმება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე შეფასებულია", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ დოკუმენტს.