საქართველოს რკინიგზის ქსელი სრულად ელექტრიფიცირებულია, რაც მყარ საფუძველს ქმნის დაბალი ემისიის მქონე სატვირთო გადაზიდვებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ ვაგრძელებთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, გამტარუნარიანობის გაფართოებას და მოძრავი შემადგენლობის განახლებას, რათა მეტად შევუწყოთ ხელი დაბალი ემისიის მქონე სატვირთო ტრანსპორტზე გადასვლას", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის ქსელი სრულად ელექტრიფიცირებულია, რაც მყარ საფუძველს ქმნის დაბალი ემისიის მქონე სატვირთო გადაზიდვებისთვის.
„ჩვენი სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტით, რომელიც 2025 წელს დასრულდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამტარუნარიანობა და საიმედოობა და, ამასთან, ტრანზიტის დრო განახევრდა. მიმდინარე წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ამოქმედდა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობით აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობა კიდევ უფრო გააძლიერა"- აღნიშნა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანტალიაში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომლის ამოქმედებაც 2029 წლისთვის იგეგმება.
„ანაკლია გააძლიერებს რკინიგზისა და ნავსადგურის ინტეგრაციას და თანამედროვე, ენერგოეფექტური საპორტო ოპერაციებისთვის შექმნის შესაძლებლობებს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ საზღვაო გარემოსდაცვით ინიციატივებს, მათ შორისაა „ლურჯი პორტების" პროექტი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) თანამშრომლობა GreenVoyage2050 პროგრამის ფარგლებში" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიზანია შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც დაფუძნებული იქნება 3 გარემოებაზე - გამჭვირვალობა, მომხმარებლის ინფორმირებულობა, კონკურენტული გარემოს შექმნა | შოთა ბერეკაშვილი
10.11.2026.17:31
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 73 ხმით 10-ის წინააღმდეგ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილისგანცხადებით, კანონპროექტით იხვეწება საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პროცედურები, ფართოვდება სანდო უცხოური ბანკების შემოსვლის შესაძლებლობა, უფრო მოქნილი ხდება ადმინისტრატორების პარალელური პოზიციების დათვლის წესი და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასება უფრო მკაფიოდ დაეფუძნება პროპორციულობის პრინციპს.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საფინანსო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდა, ბიზნესისა და მომხმარებლისთვის დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, უფრო კონკურენტული პირობების შექმნა, ასევე ლიცენზირების პროცესის დახვეწა, საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და რეგულირების უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვაა“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.