„საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება - თამარ იოსელიანი
„საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, რაც მგზავრობის დროის შემცირებას, ახალი მატარებლების შესყიდვასა და ახალი მიმართულებების დამატებას მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტზე, რომელიც მინისტრის შესაბამისი ბრძანებით უკვე დაინერგა.
„შემოდის მნიშვნელოვანი საკითხები და ასპექტები, როგორიც არის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის წესის დანერგვა, ასევე შესაბამისი საფასურის ანაზღაურება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შშმ პირებისთვის სარკინიგზო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხს. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის" მიზანია კომფორტულ და სწრაფ მომსახურებასთან ერთად, მგზავრებს ხარისხიანი და სანდო მომსახურება მიაწოდოს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი" დამტკიცდა. აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
სხვა სიახლეები
ჰიდროგენერაციის ზრდის მიუხედავად, თბოსადგურებმა მიწოდების თითქმის მეოთხედი
უზრუნველყვეს - Galt & Taggart
01.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.