საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით $6.3 მილიარდს მიაღწია
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის, ოქტომბერში 167.4 მლნ-ის, ნოემბერი 308.2 მლნ-ის, დეკემბერში 361.0 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წმინდა შესყიდვების იანვრის სტატისტიკა კი 25 თებერვალს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - იანვრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.1%-ს (1,143.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3-ჯერ, 643.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 მარტს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის - შოთა ბერეკაშვილი
06.10.2026.20:36
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში - „500 Georgia, L.P." მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ფონდმა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 33% - ხელოვნური ინტელექტის, 22% - პროგრამული უზრუნველყოფის, დაახლოებით 45% - სხვა ინდუსტრიების მიმართულებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანა ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. მისი თქმით, „500 Georgia, L.P." დახურული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ვადა აქვს - 10 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფონდი თვითლიკვიდაციას განახორციელებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ფონდის ჯამური სამიზნე ზომა 20 მილიონი დოლარია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა ფონდის ჯამური კაპიტალის 40%-ს არ აღემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფონდი არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. წარმატებული პროექტების განხორციელება საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდების განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას", – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.