საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურია. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.
„ანაკლია საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ტვირთბრუნვის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის სიმბოლოა. ეს არის შესაძლებლობა, გაჩნდეს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი დიდი გემები, რომლებსაც ქართველი მეზღვაურები წარუძღვებიან მსოფლიოს ოკეანეებში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის პროცესში, მათ შორის მის როლზე შუა დერეფნის მარშრუტში.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.
„თქვენი შრომა და პასუხისმგებლობა აძლიერებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებაში და ქმნის მყარ საფუძველს ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები - მარიამ ქვრივიშვილი
25.06.2026.21:33
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
„მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არის გამორჩეული შესაძლებლობა, რათა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საზღვაო სფეროს მთავარ ძალას წარმოადგენენ და ჩვენი ქვეყნის სახელს ღირსეულად ატარებენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადიციებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური კაპიტალის ქვეყანაა. მისივე თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო.
“ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები. დღეს ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ იმუშაონ მსოფლიოს 75 საზღვაო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ხოლო მათი უფლებები დაცულია საერთაშორისო კონვენციებისა და სტანდარტების შესაბამისად. საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის, პორტების, ლოგისტიკისა და საზღვაო განათლების განვითარებას”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.