საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
საზღვაო ნავსადგურებში/ტერმინალებში 2026 წლის 6 თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, ზრდა დაფიქსირდა როგორც ყველა ცალკეულ ნავსადგურში/ტერმინალში, ასევე ყველა ცალკეული ტვირთის კატეგორიის მიხედვით.
საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 409,397 TEU (ზრდა +9%), რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა. ასევე მკვეთრად მოიმატა სხვა ტვირთების მოცულობებმა.
2026 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10 პროცენტით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის ივნისს, საქართველოს რკინიგზის მიერ ამ თვეში ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, დადებითი ტენდენციაა ყველა ცალკეულ გადაზიდვების რეჟიმშიც - იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში. ამასთან, რკინიგზამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა გადაზიდვებსაც ამჟამად ახორციელებს.
სხვა სიახლეები
ცივი საწყობების მოცულობა საქართველოში სწრაფად გაიზარდა, რეგიონებიდან ყველაზე დიდი წილი უჭირავს შიდა ქართლს, თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს - Galt & Taggart
27.07.2026.11:30
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.
,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;
აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.