საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით ჩინეთი პირველ ადგილზეა 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი).
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში სულ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს სექტორებს შორის თანხები ასე ნაწილდება:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 207.6 მლნ აშშ დოლარი
უძრავი ქონება 119.9 მლნ აშშ დოლარი
დამამუშავებელი მრეწველობა 59.0 მლნ აშშ დოლარი
მშენებლობა 34.4 მლნ აშშ დოლარი
ვაჭრობა 16.4 მლნ აშშ დოლარი.
სხვა სიახლეები
გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, პირველად ისტორიაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - $8.14 მილიარდი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი $613 მლნ-ით შეივსო l ირაკლი კობახიძე
08.09.2026.17:26
ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო.
„ასევე, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელსაც ზომავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით. ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2 %-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა,"- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
„ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს. კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს მადლობა ეფექტიანი მუშაობისთვის,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.