საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს, ჭანგ თაოს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს, ჭანგ თაოს შეხვდა. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი სწრაფად მზარდია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. აღინიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
კერძოდ, მინისტრის თქმით, 2021-2025 წლებში ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა და ეს დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.
თავის მხრივ, ჭანგ თაომ მარიამ ქვრივიშვილთან საუბრისას საქართველოს მიღწევები და ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი დადებითად შეაფასა.
ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826