საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ვანგ ხუნგჭის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები. შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ამასთან, ხაზი გაესვა ჩინური ბიზნესის მზარდ ინტერესს სექტორის საინვესტიციო პოტენციალის მიმართ. მხარეებმა ასევე განიხილეს ჩინური კომპანიების მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 42%-ით გაიზარდა - ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-2 ადგილზეა. აღინიშნა, რომ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემების თანახმად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
ჩინეთის ეროვნული ენერგეტიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826