საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს დიმიტრუ კისალიცას შეხვდა. შეხვედრა რუმინეთში, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ოთხმხრივი შეთანხმების მე-13 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება კი რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმდინარე პროგრესს დაეთმო.
ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ელექტროგადამცემ სისტემებს დააკავშირებს და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ პროექტს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, რაც მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მხარეებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რათა განავითაროს ეკონომიკურად მიმზიდველი და გარემოსთვის უსაფრთხო ენერგეტიკული პროექტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826