საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ბუქარესტში, "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს.
მინისტერიალზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას.
მინისტერიალში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.
საქართველოს ვიცე-პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.
2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" ოთხმხრივი შეთანხმება.
დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826