საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პროცესს გაეცნო და პირველი ნაკადის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც სწავლა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
თუმოს ცენტრი საქართველოში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. საწყის ეტაპზე კურსს 600 ახალგაზრდა უკვე შეუერთდა. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და მოიცავს მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.
„თუმო ქუთაისში" სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ცენტრი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან, სადაც საუბარი შეეხო სწავლების მოდელსა და მიმდინარე პროგრამებს.
თუმო ქუთაისის ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ, თუმოს ცენტრის დამფუძნებლებმა მარი ლუ პაპაზიანმა და პეგორ პაპაზიანმა, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მიიღეს.
სხვა სიახლეები
TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
08.10.2026.18:15
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის", - განცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი ბავშვების დიდ ინტერესს გაუსვა, რაზეც მისი თქმით, მეტყველებს ის, რომ ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე უკვე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.
„ძალიან საინტერესო კლასებია, როგორიცაა ფოტოგრაფიის, დიზაინის, რობოტიკის და სხვა მიმართულებები, მათ შორის მუსიკალური და ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ასეთ დიდ ინტერესს ბავშვების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ TUMO-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ განავითარონ მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართულებით. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - ჩვენ გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და მათ შორის შემოვიტანეთ სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც დაეხმარება, პირველ რიგში, იმერეთის რეგიონში მყოფ ბავშვებს და მოსწავლეებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის ახალგაზრდებს ციფრული, ტექნოლოგიური და კრეატიული მიმართულებებით განვითარებაში ეხმარება. ის საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც, ქუთაისის ტექნო ჰაბში.