საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია - ირაკლი კობახიძე
ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
„საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირას ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826