საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა
საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში, ქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი — სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ოლივერა იოციჩი.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, დელეგაციებმა მოლაპარაკების პირველივე რაუნდზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. "ჩვენი მოლოდინია, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან მიმდინარე წლის სამ კვარტალში წარმატებით დასრულდება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებას. ამასთან, ქართულ ბიზნესს გაეხსნება 6,6 მლნ-იანი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ პროდუქცია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ბიზნესთან და მოიზიდონ ინვესტიციები, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზე," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის: საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის გამარტივება, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT), ციფრული ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სავაჭრო დაცვის ზომები, დავების გადაწყვეტის მექანიზმები, ასევე სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მოლაპარაკებები წარმართონ კონსტრუქციულ, ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ რეჟიმში. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ქმნის პოზიტიურ მოლოდინს სერბეთთან მიმდინარე პროცესის მიმართაც.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826