საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას - ლაშა ხუციშვილი
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.
„გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, ასევე, საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები. ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში აქვს მოწინავე პოზიციები. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ასევე, ძალიან მოწინავე პოზიციები აქვს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს გაიზიარონ რეფორმის შედეგები და ერთობლივად მოხდეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
03.07.2026.17:54
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსებისა და ეკონომიკური მმართველობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა.
მემორანდუმის თანახმად, სამინისტროები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: საჯარო ფინანსების მართვა; ბიუჯეტის დაგეგმვა; საგადასახადო პოლიტიკა; ფინანსური და საბიუჯეტო ანგარიშგება; ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; სახელმწიფო ვალის მართვა და სხვა.
თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაცვლასა და საკონსულტაციო დახმარებას.
დღესვე მინისტრებმა გააფორმეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.
დოკუმენტი არეგულირებს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ადმინისტრაციული დახმარების გაწევის, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების, ასევე, საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს.
შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას.