საქართველოში ავოკადოს იმპორტი 29%-ით არის გაზრდილი
საქართველოში ავოკადოს იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 4 453.6 ათასი დოლარის ღირებულების 1 610.9 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 1 251.3 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 28.75%-ით გაიზარდა.
მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 57.75% ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:
• ნიდერლანდები - 930.2 ტონა;
• თურქეთი - 536.8 ტონა;
• ისრაელი - 56.4 ტონა;
• კენია - 41.6 ტონა;
• ლიბანი - 40.9 ტონა
სხვა სიახლეები
გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
23.11.2026.19:53
„ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დამატებითი განახლებადი ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაციისა და რეგიონული ელექტროენერგიით ვაჭრობის გაფართოებისთვის.
„ამ ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის განახლებული მექანიზმების იმპლემენტაციის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ განახლებადი ელექტროენერგიის შიდა გენერაციის გაზრდას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასა და რეგიონისა თუ ევროპული ბაზრებისთვის სუფთა ენერგიის მიწოდების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი" უფრო ღრმა საფუძველს ქმნის რეგიონული თანამშრომლობისთვის.
„გვჯერა, რომ მწვანე ენერგიის დერეფანი მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, გაძლიერებული ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მდგრადობისთვის. ეს ასევე ასახავს ჩვენს საერთო ვალდებულებას, ავაშენოთ უფრო მდგრადი, ურთიერთდაკავშირებული და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავალი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობის გასაგრძელებლად.
„საქართველო მზად არის, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წასახალისებლად და ოთხი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.