საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა - სებ
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე იწყებს საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის შესახებ ინდივიდუალური მონაცემების გამოქვეყნებას. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის“ შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.