საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2026 წლის I კვარტალში 47.7%-ით გაიზარდა და $271.2 მილიონი შეადგინა - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის I კვარტალში 271.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 47.7 პროცენტით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
2026 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 145.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 53.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებებმა 23.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.8 პროცენტია.
წინასწარი მონაცემებით 2026 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 52.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ 47.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 29.2 მლნ. აშშ დოლარით (10.8 პროცენტი).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 47.6 პროცენტს შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით 2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 125.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (46.1 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 48.8 მლნ. აშშ დოლარით (18.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 37.2 მლნ. აშშ დოლარით (13.7 პროცენტი).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 77.8 პროცენტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart
05.10.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.