საქართველოში გაზრდილია უცხოური პატენტები - ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის მიმართ ინტერესთან l სოსო გიორგაძე
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოში უცხოური პატენტების რაოდენობის ზრდას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებითა და ინვესტორთა ნდობის ამაღლებით ხსნის. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, საერთაშორისო განაცხადების მატება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს ბაზრისადმი მზარდ ინტერესზე, თუმცა პარალელურად, იგი ხაზს უსვამს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობას, რადგან ინოვაციური ეროვნული პატენტების შექმნა სწორედ ძლიერ სამეცნიერო ბაზისზეა დამოკიდებული.
რამდენიმე დღის უკან თბილისში საქპატენტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ გაიმართა.
„ამ კონფერენციის ფარგლებშიც პანელური დისკუსიები გაიმართა, ორი პანელური დისკუსია იყო. ერთი შედგებოდა უნივერსიტეტებისგან, რომლებიც ბუნებრივია სამეცნიერო საზოგადოების გარეშე შეუძლებელია პატენტის, გამოგონების შექმნა. თუ არ არსებობს ძლიერი სამეცნიერო საზოგადოება, აკადემიური საზოგადოება, ბუნებრივია ვერ ვქმნით ეროვნულ პატენტებს. საქართველოში გაზრდილია რა თქმა უნდა უცხოური პატენტები, უცხოური განაცხადები - ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ბაზრისადმი ინტერესთან. თუ ქვეყნის ბაზარი არ აინტერესებს ინვესტორს, ის ბუნებრივია თავის გამოგონებასაც არ იცავს. როდესაც ის ფიქრობს, რომ ეს ბაზარი მისთვის არის საინტერესო, თუკი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადამიანები არიან მსყიდველუნარიანები და ეკონომიკა იზრდება, ბუნებრივია ცდილობს რომ თავისი პროდუქტი დაიცვას. ასე ხდება როდესაც გამოგონებაა სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნა საქპატენტის თავმჯდომარემ.
სოსო გიორგაძე საქართველოში ბიზნესის მხრიდან სამეცნიერო ინოვაციებით დაინტერესების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და საუკეთესო მაგალითად ენერგეტიკის სექტორი მოჰყავს. გიორგაძის განცხადებით, ადგილობრივი ინვესტორები სულ უფრო ხშირად დებენ რესურსს საინჟინრო გამოგონებებში, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროების დახვეწაში, და ამ ინვესტიციების დასაცავად აქტიურად იყენებენ პატენტირების ეროვნულ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს მათი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის უნებართვო გამოყენებისგან დაცვას.
„საქართველოშიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, მოგეხსენებათ, ენერგეტიკა. ენერგეტიკა ის სფეროა, რომელშიც საქართველოში მათ შორის ეროვნულ დონეზე არაერთი პატენტი გაიცემა და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, მათ შორის რომ გარდა იმისა, რომ ხდება, ანუ ინვესტორები თავიანთ ინვესტიციას ახორციელებენ უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობაში, როგორ დახვეწონ მაგალითად წყლისგან, მზისგან თუ ქარისგან ენერგიის მიღების წყაროები - ეს შეიძლება ნულ მთელი მეასედებით იყოს ასე ვთქვათ შედეგიანობის ზრდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს უზარმაზარ თანხებთან იყოს დაკავშირებული და უზარმაზარ რესურსთან. ერთი მხრივ ძალიან საინტერესოა, რომ ბიზნესმენები უკვე საქართველოში ინტერესდებიან, რომ განახორციელონ კონკრეტული ინვესტიცია და მეორე მხრივ მათ იციან, რომ იმისთვის, რომ ეს ინვესტიცია იყოს დაცული, სხვამ არ გამოიყენოს უნებართვოდ მათ მიერ, მათი დაკვეთით შესრულებული გამოგონებები, საჭიროა მისი დაცვა და როგორც უკვე აღვნიშნე ეროვნულ დონეზე ასეთი განაცხადები გვაქვს.
თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ასევე სხვა მიმართულებითაც იყოს განაცხადები. მაგალითად ძალიან კარგი მაგალითია ფაგების ინდუსტრია, რომელიც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასევე ბატონი რატი ღოლიჯანაშვილი იყო წარმოდგენილი, რომელმაც ისაუბრა ფაგების ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იწარმოება და ბაზარი მუდმივად მზარდია. მე არ ვარ მედიცინის სპეციალისტი, მაგრამ ჩემთვისაც კი ძალიან მკაფიოდ აღსაქმელია. როდესაც საუბარია, რომ მსოფლიოში იზრდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ადამიანების რაოდენობა, სადაც ანტიბიოტიკი ვეღარ თამაშობს საჭირო, საკმარის ფუნქციას, რომ ასე ვთქვათ უმკურნალოს ამა თუ იმ დაავადებას, ამ დროს პრაქტიკულად შეუცვლელ როლს ასრულებს ფაგები, რომლის კულტურა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ქვეყანა სადაც დაიბადა და განვითარდა ნამდვილად იყო საქართველო. შესაბამისად ფაგები ეს ის ნაწილია, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ ქართული პატენტი, არამედ ევროპული პატენტი და ვფიქრობთ, რომ ეს ინდუსტრია ასევე მზარდია. ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობენ ჩვენთან და როგორც უკვე გითხარით დაცულია მათი შემოქმედება და ვფიქრობ, რომ მედიცინა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ასევე შესაძლებელია განვავითაროთ მაქსიმალურად საპატენტო გამოგონებების სფერო. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარება მთლიანად არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ზოგადად სისტემის განვითარება მათ შორის სამინისტროს მონაწილეობით იმდენად კარგად მიმდინარეობს, მათ შორის ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, რომ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება არა მხოლოდ ფაგების, არამედ სხვა მიმართულებით სხვადასხვა ტიპის გამოგონებები და მე ყველას წარმატებას ვუსურვებ ბუნებრივია“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
სხვა სიახლეები
GITA-მ „5000 IT სპეციალისტის პროგრამაზე“ მიღება დაასრულა - 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს
28.04.2026.11:45
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ ფარგლებში აპლიკანტთა მიღებისა და ჩარიცხვის პროცესი დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე, სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლის უფლება 1 000-მა აპლიკანტმა მოიპოვა.
ჩარიცხულთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: პროგრამირება - 500 სტუდენტი; დიზაინი - 250 სტუდენტი; მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; ხელოვნური ინტელექტი (AI) - 100 სტუდენტი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აღნიშნავს, რომ Do IT in Georgia-ს საბაზისო უნარების პროგრამის მეოთხე ნაკადზე რეკორდული რაოდენობის - 31 000-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა.
“შემოსული განაცხადებიდან 1000 აპლიკანტი, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, ყველაზე მოთხოვნად IT უნარებს დაეუფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს ტექნოლოგიურ გზაჯვარედინს და იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს, საჭიროა უზრუნველყოს ტალანტების მუდმივი განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი” - განაცხადა თორნიკე ჯობავამ.
პროექტის მეოთხე ნაკადის ფარგლებში, პროცესში 13 საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ჩართული. ჯამში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოდგენილი 72 კურსიდან მათთვის სასურველი, მაქსიმუმ 5 სასწავლო პროგრამა შეერჩიათ.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე ნაკადისთვის სასწავლო მოდულები კიდევ უფრო გაფართოვდა და დაემატა ხელოვნური ინტელექტის (AI) სპეციალიზებული კურსები: AI Engineering & Data და Creative AI & Prompting.
პროგრამა ინიციატივის „Do IT in Georgia“-ს შემადგენელი ნაწილია. მისი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება, მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია და შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერული გზის დაგეგმვას.