საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 25%-ია ათვისებული, მზის ენერგიის - დაახლოებით 3%, ხოლო ქარის 5%-მდე - მაია მელიქიძე
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) მთავარი მიზანი განახლებადი ენერგიის სფეროში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და არსებული რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებაა. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 25%-ია ათვისებული, მზის ენერგიის - დაახლოებით 3%, ხოლო ქარის - 5%-მდე, რის გამოც აუცილებელია ამ მაჩვენებლების გაზრდა და კომპანიებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ GREDA-ს მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვა განახლებადი ენერგოწყაროების უტილიზაციის ჭრილში. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის მაჩვენებელი, რომლის შესახებაც შარშან ვსაუბრობდით და წელსაც. ვგულისხმობ იმას, რომ 25% არის ათვისებული ჰიდროში, სულ რაღაც 3% - მზეზე, ხოლო 5%-მდე - ქარში. ამ მაჩვენებლების გაზრდა აუცილებელია. უტილიზაცია უნდა გავზარდოთ და დავუდგეთ გვერდში კომპანიებს, რათა არ მოხდეს ბიზნესების გაჩერება ბარიერების ან პრობლემების გამო, რაც საბოლოო ჯამში დაარტყამს როგორც ეკონომიკას, ასევე ცალკეულ ბიზნესებს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.